საზოგადოება
21.07.2022 16:57
იმუნიზაციის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ოდნავ მოიმატა, თუმცა დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია - ამირან გამყრელიძე

მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ რეგისტრაცია იმატებს. განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იმუნიზაციის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა „ოდნავ მოიმატა“, თუმცა, დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია.

„აცრის რაოდენობის ოდნავი მატება გვაქვს, მაგალითად, თუ დღეში საშუალოდ 300-400 აცრა იყო, ახლა 600-მდე ავიდა. მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ იმატებს რეგისტრაცია, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია, ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება. მოზრდილი მოსახლეობის „ბუსტერით“ მოცვის მაჩვენებელი 10%-მდე გვაქვს, ჩვენ გვინდა რომ 30-40% და მეტი იყოს, რათა მშვიდად შევხვდეთ შემოდგომას. მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ არის აცრილი, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა, გაიკეთოს პირველი და მეორე დოზა, შემდეგ - „ბუსტერი“. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

კვირის ამბები