სპორტი
21.07.2022 15:57
გორის „დილა“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა

გორის საფეხბურთო კლუბი „დილა“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, კაპიტანმა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ორივე ფეხბურთელი კარიერას უცხოურ კლუბებში გააგრძელებს.

„ჩვენი კლუბის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ „დილა“ დატოვა და კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ Ümraniyespor-ში გააგრძელებს. კლუბიდან, ასევე, წავიდა კიდევ ერთი ნახევარმცველი გიორგი ივანიაძე, რომელიც კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში - საფეხბურთო კლუბ „ყიზილჟარში“ გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ნიკა გაგნიძე ჩვენი საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და იგი „დილას“ ძირითადი გუნდის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა. მადლობას ვუხდით ჩვენს კაპიტანს ჩვენი გუნდის მაისურით ჩატარებული თითოეული მატჩისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში. რაც შეეხება გიორგი ივანიაძეს, ის ჩვენი კლუბის ღირსებას მიმდინარე წლის თებერვლიდან იცავს. კლუბი, ასევე მადლობას უხდის ჩვენს ყოფილ ნახევარმცველს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში“, - აცხადებენ გორის „დილაში“.

შეგახსენებთ, რომ „დილას“ ყოფილი კაპიტანი ნიკა გაგნიძე ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და „დილას“ ღირსებას 2018 წლიდან იცავდა, რაც შეეხება გიორგი ივანიაძეს, იგი, კლუბმა  მიმდინარე წლის თებერვალში დაიმატა. ცნობისთვის, ივანიაძის საფეხბურთო კარიერა უკავშირდება „შუქურას“, „გაგრას“, „სამტრედიას“ და თბილისის „მერანს“.

კვირის ამბები