საზოგადოება
20.07.2022 17:02
კარალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - მერაბ მაისურაძე

პაციენტი კლინიკაში პოლიტრავმით შემოიყვანეს, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, ქირურგიული მკურნალობა, ამჟამად მკურნალობა უტარდება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ განუცხადა.

მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„პაციენტი კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით, პოლიტრავმით შემოიყვანეს. აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, წვივის ძვლისა და ბარძაყის მოტეხილობა, ამასთანავე, მუცლის ტრავმა ღვიძლის და ელენთის დაზიანებით. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა, ამჟამად მას მკურნალობა უტარდება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის კარალეთის მონაკვეთზე გუშინ საღამოს მოხდა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

კვირის ამბები