გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა პეინტბოლისა და ზიპლაინის ინტეგრირებულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრება ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გაიმართა. აქტივობაში მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში დაჭრილმა, თბილისის, საგარეჯოს, მარნეულის, ქუთაისის, ბორჯომის, ხაშურის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებელმა 200 - მდე შშმ პირმა.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და რამდენიმე კერძო კომპანია უჭერდა.
„ზიპლაინისა და პეინტბოლის ჩემპიონატები პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში განახორციელა ,,ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა“ . აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს გორის მერიასთან და შშმ პირთა ადაპტაციის ხელშესაწყობად შეჯიბრებებს აწყობს ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რითაც ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ჩემპიონატების გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, დიპლომები და მედლები გადაეცათ.