გორის მუნიციპალიტეტში გენდერულ ჭრილში ადგილობრივი თემების საჭიროებების გამოსავლენად კვლევა განხორციელდა, რომლის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებსაც მერიის თანამშრომლები გაეცნენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კვლევა პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.
„პროექტის მიზანია ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება, ასევე, მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა და ეკოსისტემის ფუნქციებისა და სერვისების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში გაშენდა 2 935 მეტრი ქარსაფარი ზოლი. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 75 ჰა მიწის ფართობზე თესვის სამუშაოები განხორციელდა ნიადაგის დაუმუშავებლად, ხოლო 6 ფერმერს უსასყიდლოდ გადაეცა ნერგები და შესაღობი მასალა“, - ნათქვამია პროექტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის განხორციელება 2018 წლის 18 მარტს დაიწყო და 2023 წლის 18 მარტს დასრულდება. პროექტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გახლავთ, რაც შეეხება აქტივობის განსახორციელებლად საჭირო ხარჯებს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსდა.