სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) წმინდა ბარბარეს სახელობის ახალაშენებული ეკლესია აკურთხა.
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაძრის მშენებლობის იდეა ,,გორმედის“ დამფუძნებლებს - გია სვანაძეს და გიორგი კაკუშაძეს ეკუთვნით. ეკლესიის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება დამფუძნებლებმა, ასევე სამედიცინო ცენტრთან არსებულმა საქველმოქმედო ფონდმა და თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.
როგორც მეუფე ანდრიამ ქდაგებისას აღნიშნა, ამ ტაძრის მოქმედებას დატვირთვა მოწყალებისა, დატვირთვა ქველის საქმისა, დატვირთვა სულიერად ზრუნვისა ადამიანზე.
,,მნიშვნელოვანია, რომ დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი ამოქმედდა სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს კლინიკა, თუნდაც პანდემიის პირობებში, უამრავ ხალხს ემსახურებოდა. არაერთი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, მრავალს მოემსახურა ქველმოქმედებით და ამ ტაძრის აშენების იდეაც სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებს ეკუთვნით და არის სულიერი და ხორცილი ნუგეშის მიცემა მწუხარე ადამიანისთვის, რამეთუ, თავად დიდმოწამე ბარბარე არის სენთა და ბუგრთა მკურნალი, ის არის ასევე შემწე და მფარველი უცაბედი სიკვდილისაგან ადამიანისა და ყველა ჩვენგანისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს წუთისოფელი დავუტევოთ ქრისტიანული აღსასრულით.
ამ ტაძრის მოქმედებას ექნება ასეთი დატვირთვა - დატვირთვა მოწყალებისა, დატვირთვა ქველის საქმისა, დატვირთვა სულიერად ზრუნვისა ადამიანზე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი (კუპატაძე) დაინიშნა.
,,მამა გიორგი, დეკანოზი გიორგი კუპატაძე დაინიშნა ამ ტაძრის წინამძღვრად, მან კარგად იცის სნეული ადამიანის ტკივილი და მწუხარება, თვითონ არის მრავალშვილიანი მამა და სიყვარული, რომლითაც მშობელი განიმსჭვალება თავისი შვილისადმი, იმავე სიყვარულს იგი განავრცობს სულიერ შვილებზეც და იმ ადამიანებზეც, ვინც დახმარებისათვის მიმართავს.
მინდა მადლობა მოვახსენო ,,გორმედის“ ხელმძღვანელს, ბატონ გია სვანაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად შრომობდა ამ ტაძრის აღშენებისთვის, ყველას, ვინც გაიღო შემოწირულობა ამ ტაძრის შემკობაში“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ.