საზოგადოება
15.07.2022 14:08
გორის უნივერსიტეტში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „მაჩაბელი“ გაიმართება
21, 22 და 23 ივლისს, გორის უნივერსიტეტში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „მაჩაბელი“ გაიმართება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით ფოტოგრაფიისა და ფოტო ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივებას, მხატვრობაში ახალი სახეების აღმოჩენას, ახალგაზრდობის ჩართულობას და მათ შემოქმედებით გააქტიურებას. პროექტი, ასევე, ემსახურება ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახადოს საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზრდოს ქვეყნის ცნობადობა.

„პროექტი მოიცავს რიგ ეტაპებს, მათ შორის საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსის ორგანიზებას თემაზე - „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისათვის“, სადაც ჩაერთვებიან ქართველი, პოლონელი, თურქი, გერმანელი და ფრანგი ახალგაზრდა ფოტოგრაფები და ფოტო ხელოვანები. მოწვეული ხელოვანები ფესტივალის ფარგლებში ჩაატარებენ მასტერ-კლასებს და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში“, - აცხადებენ პროექტის ინიციატორები.

ზემოხსენებულ პროექტს, გორის უნივერსიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით ახორციელებს კონკურსის - „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ ფარგლებში.
კვირის ამბები