საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი „ბუსტერ“ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქრონიკურლი დაავადებების მქონე პირების გარდა, 50 წლამდე ასაკის მოქალაქეებში იმ შემთხვევაშია რეკომენდებული მეორე ბუსტერ დოზით აცრა, თუ აღნიშნული პირები მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებებში.
,,კორონავირუსის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში - 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არცერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი ბუსტერ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, გამონაკლისის სახით, ასაკის მიუხედავად, მეორე ბუსტერ დოზით ვაქცინაცია დასაშვებია მათთვის, ვინც მიემგზავრება ისეთ ქვეყანაში, რომელიც დამატებით ბუსტერ დოზას ითხოვს.