შიდა ქართლში ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, სიმონ გულედანს, გორის მერის მოადგილეს, ნიკა ღვინიაშვილს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამარ მურალოვას შეხვდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენლებიც.
ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის გუბერნატორის მოადგილესთან, ონდრეი ლუნტერთან და დელეგაციის სხვა წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც მხარეებმა როგორც შიდა ქართლის, ისე ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის სპეციფიკაზე ისაუბრეს.
სიმონ გულედანმა სტუმრებს რეგიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ყურადღება გაამახვილა იმ მიმართულებებზე, რომელიც შიდა ქართლის რეგიონშია განვითარებული. გარდა ამისა, ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. ხაზი გაუსვა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროების გაძლიერების მნიშვნელობას. ონდრეი ლუნტერმა, თავის მხრივ ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის შესახებ ისაუბრა და მისი თქმით, მზადაა სხვადასხვა სფეროების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა რეგიონული და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, რა დროსაც საუბარი შეეხო რეგიონული განვითარების, მწვანე ინოვაციების დანერგვის, სოციალური მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, ქალების და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.