საზოგადოება
13.07.2022 17:23
ხიდისთავის საჯარო სკოლა ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის ფინალშია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის ფინალშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სასწავლო დაწესებულება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კიდევ ერთი წარმატებული დღე, უმაგრესი პრეზენტატორი გოგონები ანა და ნია - ფინალში ვართ. წარმატებები ჩემს ეკო კლუბEKOteens და მადლობა CENN-ს არაჩვეულებრივი საჩუქრებისთვის - 500 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერი ჩვენი კლუბისაა“ - ნათქვამია სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2016 წელს დაარსდა. მისი პირველი გამარჯვებული კი, გორის პირველი საჯარო სკოლა გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად, ზემოხსენებული ჯილდოს მოსაპოვებლად, ქვეყნის მასშტაბით 700-დან 1000-მდე სკოლა მონაწილეობს.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას, ყოველწლიურად, სხვადასხვა მიზანი აქვს და შესაბამისად, სხვადასხვა თემის შერჩევა ხდება, წელს ჩვენი მოტივი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. რაც შეეხება შიდა ქართლის სკოლების ჩართულობას, პროექტში რეგიონიდან 56 სკოლა დარეგისტრირდა, აქედან ფინალში ორი სკოლა - ხიდისთავის და კასპის მესამე სკოლა გავიდა. კონკურსი სექტემბერში მთავრდება და გამარჯვებული 10 ფინალისტს შორის გამოვლინდება. ფინალის დასრულებისთანავე მომავალი წლის კონკურსისთვის დავიწყებთ სამზადისს“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა მარიკო წიქორიძემ.
კვირის ამბები