დასვენების გარდა, ზაფხული, გარკვეულწილად, გარუჯვასთანაც ასოცირდება, უსაფრთხო და კარგი რუჯის მისაღებად კი აუცილებელია სპეციალისტების რჩევების გათვალისწინება.
დღის მკვებავი კრემი ნამზეურის მისაღებად ნამდვილად არ გამოდგება, პლაჟზე გასვლის წინ, აუცილებლად გამოიყენეთ მზის სხივებისგან დამცავი საცხი, რომელიც აგარიდებთ ძალიან ბევრ პრობლემას, მათ შორის - კანის დამწვრობას, სიწითლეს, გადახურებას და აქერცვლას.
მზისგან დამცავი და მკვებავ საშუალებებს აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის კოეფიციენტი, რომელიც აბრევიატურა SPF-ით და ციფრებით აღინიშნება. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით მეტად იქნება დაცული თქვენი კანი.
მზისგან დამცავი კრემი ზღვაზე გასვლამდე 20-25 წუთით ადრე უნდა წაისვათ. ეს სწორედ ის დროა, რომ მასში შემავალმა ფილტრებმა დაიწყოს მოქმედება. გაითვალისწინეთ, რომ მზისგან დამცავი საცხი წყალგამძლე იყოს.
კატეგორიულად დაუშვებელია 2 წლამდე ბავშვების მწველ მზეზე ყოფნა. პლაჟზე ყოფნისას, პატარებისთვის აუცილებლად გამოიყენეთ საცხი მზისგან დამცავი მაქსიმალური დონით – SPF 30-50.
გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო დრო მზის აბაზანებისათვის არის დილის 10 საათამდე და 16 საათის შემდეგ!
გახსოვდეთ, რომ ჩრდილში კანი იღებს ულტრაიისფერი სხივების 50, ხოლო ღრუბლიან ამინდში 80 %-ს. ამიტომ, ადამიანები ჩრდილშიც იწვებიან და ღრუბლიან ამინდშიც.
„მზის აბაზანები, ბუნებრივია, ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება ნამზეურის მიღება. მზის აბაზანები რეკომენდებულია დილის საათებში თორმეტამდე, შუადღით კი, ხშირია დამწვრობის შემთხვევები და ასევე მწველ მზეზე აბაზანების მიღება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კანის დაბერებას. საზღვაო კურორტებზე მყოფ იმ პირებს კი, ვინც მიდრეკილია მზის ალერგიისკენ (გამონარი და სხვა სიმპტომები), მოუწევთ რეკომენდაციების უფრო მეტად დაცვა და 50 SPF შემცველი კრემების გამოყენება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პლაჟზე საკმაოდ მომრავლებულია მწერებიც, ამიტომ, სასურველია კბენის საწინააღმდეგო სპეციალური გელების გამოყენება ან, დაკბენის შემთხვევაში, ქავილის და ალერგიის თავიდან ასაცილებლად ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება“, - განაცხადა „გორის მაცნესთან“ ექიმმა ალერგოლოგმა მარინა ისპირელმა.
ისპირელის რჩევით, სიცხეში, ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, თან ატაროთ წყალი.
პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ კი, უნდა მიიღოთ გრილი შხაპი და წაისვათ დამატენიანებელი კრემი.
ექიმის რეკომენდაციითვე, პლაჟზე გასვლისას არ უნდა ისარგებლოთ სუნამოებით და დეოდორანტებით. იმ ნახშირწყალბადებმა, რომლებიც შედის კოსმეტიკურ საშუალებებში, მზესთან ურთიერთქმედებაში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია და ლაქების გაჩენა.
თუ სხეულზე ბევრი ხალი გაქვთ, მზის აბაზანების მიღებამდე, აუცილებლად უნდა გაიაროთ დერმატოლოგთან კონსულტაცია.