საზოგადოება
11.07.2022 22:48
ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას - მიშა გოგინაშვილი

ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო და ვზომო, რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. ჯობს, იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარტია ,,ქართულ ოცნების“ წევრი და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე წერს.

მიშა გოგინაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, გეგმავს, თანამოაზრეებთან ერთად, არავის მისცეს საშუალება, ,,კიდევ ერთხელ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში“.

,,ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი, ჯობს, იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს...

მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინა კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა.

ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ, ვნახეთ საპირისპირო.

სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია ,,ქართულ ოცნებას" და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, არავის მივცე საშუალება, კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში“, - წელს მიშა გოგინაშვილი.

ცნობისთვის, ლაგოდეხში, ჭიათურაში, თერჯოლაში, ახალციხესა და გორში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობები და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის და სოზარ სუბარის მხარდასაჭერად მიიღეს, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს.

კვირის ამბები