საზოგადოება
11.07.2022 17:11
ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გორის მერმა სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ასოციაცია „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარემ მარიამ მღებრიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ტალახაძემ ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც ცნობილია, თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდულ საბჭოს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

შეთანხმების გაფორმებამდე, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს საპროექტო იდეა და გორის მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს. ცნობისთვის, ახალგაზრდული საბჭო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში დაფუძნდა.

ღონისძიება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

კვირის ამბები