საზოგადოება
11.07.2022 16:58
რა ღირს საქართველოში კურორტების მიმართულებით სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობა

ზაფხულის პერიოდში, როცა კურორტების მიმართულებით განსაკუთრებულად არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადი, ტრანსპორტზე მოთხოვნა თითქმის ოთხმაგდება. საწვავის გაძვირების პირობებში, ბევრი მგზავრი საკუთარ სავტომობილზე უარს ამბობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი, მიკროავტობუსი, მატარებელი) მგზავრობას ამჯობინებს. ბევრი მათგანი კი, როგორც ტურისტები ასევე საქართველოს მოქალაქეებიც, ავტობუსის და მატარებლის გარდა, შიდა ავიარეისებით სარგებლობს.

,,გორის მაცნემ“ მოიძია ინფორმაცია, რა ღირს საქართველოში შიდა გადაადგილება.

თუ არჩევანს მატარებელზე შეაჩერებთ, სტანდარტული სარკინიგზო მგზავრობა თბილისი-ბათუმი - 61 ლ. ღირს. ბილეთის გორში შეძენის შანსი ამჟამად ძალზე დაბალია, ვინაიდან ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში, Citybus-ით  თბილისი-ბათუმის მარშრუტზე 50 ლარის გადახდა მოგიწევთ, სტანდარტული ავტობუსით მგზავრობის ფასი კი 40 ლარია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ძალზე მოთხოვნად ტრანსპორტს - მიკროავტობუსებს (სამარშრუტო ტაქსი, მინივენი), გორი-ბათუმის ღირებულება მინივენით მგზავრობის შემთხვევაში 25 ლარი გახლავთ. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, როგორც მძოლებმა ,,გორის მაცნესთან“ საუბრისას განაცხადეს, დიზელის საწვავზე უკიდურესად გაზრდილი ფასიდან გამომდინარე (ამჟამად 4.60 ლ.), კონკურენციას ვერ უწევენ მინივენებს, რომლებიც ბუნებრივ აირზე მუშაობენ და შესაბამისად, კურორტების მიმართულებით გრძელ მარშრუტებზე რეგულარულად სიარული მათთვის წამგებიანია.

საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა შიდა ფრენებზეც, შესაბამისად, დღეიდან, 11 ივლისიდან 31 აგვისტომდე, მესტიის, ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენებზე დაემატა სიხშირეები.

მესტიისა და ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში 7-ჯერ შესრულდება, ამბროლაურში კი კვირაში 3-ჯერ.

რაც შეეხება ფასებს, ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით ერთი გზა - 90 ლარი ღირს, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ამბროლაურის მიმართულებით ერთი გზის ღირებულებაა - 50 ლარი, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბათუმის მიმართულებით -125 ლარი ღირს, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

მესტია-ქუთაისის მიმართულებით - ზრდასრულებისთვის 50 ლარი, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

კვირის ამბები