გასულ კვირასთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა შიდა ქართლში კვლავ მკვეთრად მოიმატა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
ქორჩაშვილის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით, დადასტურებული იყო 34 ახალი შემთხვევა, მიმდინარე კვირაში კი 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აღნიშნულ ციფრს, ბოლო 20 საათის განმავლობაში გამოვლენილი 50 შემთხვევაც ემატება.
,,დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა მომატებული. შიდა ქართლში, ორი კვირის წინ 16 ახალი შემთხვევა გვქონდა, შემდგომ კვირაში - 34, ამჟამად კი კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 38 გორში, 21 კასპში, 10 ქარელში და 7 ხაშურის მუნიციპალიტეტში. ამას ემატება ბოლო 24 საათში დადასტურებული 50 ახალი შემთხვევაც - 20 - გორში, 16 - კასპში, 5 -ხაშურში და 9 შემთხვევა გვაქვს ქარელში. ვირუსული ინფექციის გამო, გორში თვითიზოლაციაში იმყოფება 27 ადამიანი, კასპში - 5, ქარელში - 14, ხაშურში კი - 4. მთლიანობაში, რეგიონის მასშტაბით, 50 პირია თვითიზოლაციაში. “, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.