თავისუფლებისთვის მებრძოლი გოგონა გენდერული თანასწორობის სიმბოლოდ - სწორედ ეს იყო გაეროს მოსახლეობის ფონდისა და კომპანია Avon-ის ერთობლივი კამპანიის „მაროს სახელით“ იდეა.
საქართველოში, სიმბოლური, 19 ლარიანი კუპიურა შეიქმნა მარო მაყაშვილის გამოსახულებით. რამდენიმე თვის წინ გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA Georgia) და Avon-ის ინიციატივით შემუშავებული პროექტი გამოცხადდა, რომლის იდეაც ეროვნული გმირი ქალის, მარო მაყაშვილის გამოსახულებით სიმბოლური კუპიურის შექმნა იყო, რაც, მთლიანობაში, გენდერული თანასწორობისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.
პროექტზე გრაფიკულმა დიზაინერმა, ანნა გუგუტიშვილმა იმუშავა.
„თავიდანვე ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით და ვიზუალური გადაწყვეტის სირთულით. მსგავსი ტექნიკით მქონია რამდენიმე ნამუშევარი შესრულებული, თუმცა, აქ უფრო სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე მელოდა. დიზაინი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მიახლოებული არსებულ კუპიურებთან და ამასთანავე, მათთან თანხვედრაში უნდა შეგვექმნა უნიკალური კომპოზიცია მარო მაყაშვილის პორტრეტით. კუპიურის ორივე მხარეს დატანილია მაროს ცხოვრებასთან და კუპიურის იდეასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოსახულებები.
დიზაინზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ჩემთვის, რადგან, როდესაც მოგწონს იდეა და ჩანაფიქრი, რაზეც მუშაობ, გამორიცხულია, საბოლოო შედეგმა არ გაამართლოს“.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს იდეის ავტორებმა სწორედ ფულის მეშვეობით მიეწვდინათ ხმა საზოგადოებამდე ასეთი სენსიტიური თემის შესახებ, ისინი პასუხობენ, რომ უპირველეს ყოვლისა, ფულის კუპიურა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მოხმარების საგანი, რომელთან შეხება ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი კი, ქართულ კუპიურებზე არსებული გენდერული დისბალანსი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ლარი 6 სხვადასხვა ნომინალის კუპიურითაა წარმოდგენილი: 5 - ლარიანი (ივანე ჯავახიშვილი), 10 - ლარიანი (აკაკი წერეთელი), 20 - ლარიანი (ილია ჭავჭავაძე), 50 - ლარიანი (თამარ მეფე), 100 - ლარიანი (შოთა რუსთაველი) და 200 - ლარიანი (ქაქუცა ჩოლოყაშვილი).
ცნობისთვის, ახალი კუპიურა სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მას მსყიდველობითი დანიშნულება არ აქვს.