საზოგადოება
11.07.2022 10:51
გაიზრდება თუ არა ავტომობილების ტექდათვალიერების საფასური და გახდება თუ არა ფასიანი განმეორებითი ინსპექტირება

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ტექინსპექტირების გადასახადის გაიზრდოს და ცვლილება შეეხოს განმეორებით ინსპექტირებასაც, რომელიც ამ დრომდე უფასოა და ფასიანი გახდეს.

ამასთანავე, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის  განცხადებით, შესაძლოა, ავტომობილების ტექინსპექტირების ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში საფასური ეტაპობრივად გაიზარდოს.

როგორც მესხიშვილმა მედიასთან აღნიშნა, აღნიშნულის თაობაზე კანონპროექტი უკვე ინიცირებულია.

„პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ტექინსპექტირების ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში საფასურის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს - პირველ ჯერზე ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, გადაუხდელობის შემთხვევაში, 1 თვის შემდეგ - 150, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი 300 ლარი, ამის შემდეგ რაოდენობა გასამმაგდება. ჯარიმების გამკაცრება უკავშირდება იმას, რომ რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საგზაო, ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის, ასევე ევროინტეგრაციისთვის, ფაქტობრივად, ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დადგა“, - განაცხადა მესხიშვილმა.

ცვლილებების განხორციელება შემოდგომაზე იგეგმება. 

კვირის ამბები