გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მალე, 80-მდე ოჯახი, წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს.
„ამ ეტაპზე, ხორციელდება რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. დღემდე, აღნიშნულ უბანს სასმელი წყლის ამორტიზებული სისტემა ემსახურებოდა, რის გამოც აქ მცხოვრებ ოჯახებს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, 80-მდე ოჯახი, წყალს ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, სასმელი წყლის ახალი სისტემა ზერტის ერთ-ერთ უბანში გასულ წელსაც მოეწყო. წინა ჯერზე, პროექტის განხორციელების შედეგად, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი 100-მდე ოჯახი გახდა, რომლებიც წყალს წლების განმავლობაში მეზობელი უბნებიდან ეზიდებოდა.