საზოგადოება
08.07.2022 16:36
ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან 4 აბიტურიენტი მოიხსნა, ერთ-ერთი აპლიკანტის ნაცვლად, საგამოცდო ტესტის შესრულებას მისი ოჯახის წევრი ცდილობდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 41 000-ზე მეტი აბიტურიენტის 5% მიმდინარე გამოცდებზე არ გამოცხადდა, ამ დრომდე, მხოლოდ 95% აბარებს გამოცდებს, ასევე, სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში,  დაფიქსირდა დაგვიანების 19 შემთხვევა, რაც ავტომატურად იწვევს აბიტურიენტის გამოცდაზე არდაშვებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდიდან მოიხსნა 4 პირი. ერთი, გამოცდაზე ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, ორი - დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და ერთ შემთხვევაში, აბიტურიენტის ნაცვლად, გამოცდაზე მისი ოჯახის წევრი ცდილობდა საგამოცდო ტესტის შესრულებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველა აპლიკანტს, საგულდაგულოდ გაეცნოს საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, ნუ ჩაიდენენ დაუშვებელ ქმედებას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

სოფო გორგოძის განცხადებით, ძირითადი საგამოცდო სესიები აბიტურიენტებისთვის 22 ივლისს დასრულდება. რაც შეეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს დაუდასტურდათ კორონავირუსით ინფიცირება, დამატებით სესიაზე შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას, თუმცა, საგამოცდო განრიგი ჯერ არ არის განსაზღვრული.

კვირის ამბები