საზოგადოება
08.07.2022 14:16
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 10-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით გოგონებში უკვე ხელმისაწვდომია გორშიც

თბილისის, ქუთაისის და ბათუმის გარდა, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 10-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით გოგონებში უკვე შესაძლებელია გორშიც.

ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ქსელი „გორმედი“ ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულების ცნობით, აცრები წარმოებს „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ კეთდება 10-18 წლის გოგონებში.

„პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია „გორმედში“!

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქალს იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან!

აპვ ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 97%-ის თავიდან აცილება!

საქართველოში მოქმედი პროგრამა, რომლის მიხედვითაც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ კეთდება 10-18 წლის გოგონებში, უკვე ხელმისაწვდომია „გორმედის“  ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც.
საქართველოში აპვ რუტინული ვაქცინაცია ტარდებოდა 10-12 წლის გოგონებში, ამჟამად კი, დამატებით, ხელმისაწვდომია 13-18 წლის გოგონებისთვისაც.

10-14 წლის მოზარდებისთვის ვაქცინა 2 დოზიანია, ანუ კეთდება 2 ეტაპად 6 თვის იტერვალით.
15 წლის და მეტი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში კი საჭიროა 3 დოზიანი ვაქცინის გამოყენება.

ვაქცინაცია უფასოა!

პაპილომა ვირუსი არის საშვილოსნოს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ავადობის 70%-იანი წილი სწორედ ამ ინფექციაზე მოდის. ვაქცინაცია მოსახლეობაში კიბოს პრევენციის საშუალებას იძლევა.

საქართველოში, ყოველწლიურად, საშვილოსნოს კიბოთი 200-მდე ქალი იღუპება.

ეს პროექტი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 70-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი. მაქსიმალურად მცირდება პაპილომა ვირუსის ცირკულაცია იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო გოგოების აცრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში შემოტანილ დასავლური წარმოების ვაქცინას უკუჩვენება არ აქვს.

კვირის ამბები