გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მალტის რესპუბლიკაში ორი ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. ბირგუსა და ქრენდის მუნიციპალიტეტების მერებთან აუდიენციისას მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ, რომ გორისა და მალტას მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა ქალაქების დამეგობრება და მემორანდუმების გაფორმება.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაიგეგმა მალტის დელეგაციის საქართველოში სტუმრობა.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერი მალტის რესპუბლიკაში გამართული ქართული კულტურის კვირეულის „Euroart 2022“ ფარგლებში იმყოფებოდა. ფესტივალი მალტის ქართული კულტურის ცენტრის „GCC-MALTA,“ კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის ევროპული ფონდის (EUFSC), საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალის მიზანია საქართველოსა და მალტის რესპუბლიკებს შორის ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
თეატრალური ფესტივალი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გახსნა სპექტაკლით „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ (რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).