გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება ხიდისთავი-ატენის გზიდან წედისი-ბნავისის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზაზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მდინარე ათრევას რამოდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა. ამასთან, მშენებელი კომპანია სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობასაც ახორციელებს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, წედისი-ბნავისის სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 800 მეტრია.
„სარეაბილიტაციო გზის გრუნტიანი და ასფალტის დაზიანებული საფარი ათეულობით წლებია პრობლემებს უქმნის არამხოლოდ მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება და რამოდენიმე ადგილას რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის, ასევე მდინარე ათრევას რამოდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2023 წელს დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.