საზოგადოება
08.07.2022 10:11
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში „საზაფხულო ბანაკი 2022“ იხსნება

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200 ახალგაზრდას ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკი 2022“-ში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკის შეთავაზების ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ეკუთვნის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ:

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის  კურსდამთავრებულებს;

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს;

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარების შერჩევა ორ ეტაპად მოხდება - დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კომისია ახალგაზრდებთან გასაუბრებას გამართავს.

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს

„ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ: სტრესის მართვა ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობა და ამომრჩეველი, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება. გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისთვის, თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 4 სრული დღე დარჩებიან.

კვირის ამბები