გორის მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება, ძველი შენობის დემონტაჟი ორ კვირაში დასრულდება
გორის მეთერთმეტე საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნება. ძველი შენობის დემონტაჟი, რომელიც სადგურის დასახლებაში, კეცხოველის ქუჩაზე მდებარეობს, თითქმის დასრულებულია. სკოლის დირექტორის, თამარ სამსონაშვილის თქმით, ახალი სასწავლო დაწესებულება, სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აშენდება.
„ჯერჯერობით, ცნობილი არ არის რომელი კომპანია ააშენებს სკოლის ახალ შენობას, ან რა დაჯდება ობიექტის მშენებლობა, თუმცა, გეტყვით, რომ ძველი ნაგებობის დემონტაჟის სამუშაოები დაახლოებით, ორ კვირაში დასრულდება. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის გამოსავლენად. ვიდრე ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სასწავლო დაწესებულება აშენდება, ჩვენი მოსწავლეები მე-6 საჯარო სკოლის შენობაში გააგრძელებენ სწავლას“, - აღნიშნა მე-11 სკოლის დირექტორმა თამარ სამსონაშვილმა.
ცნობისთვის, გორის მე-11 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გახდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დროისთვის, 240 მოსწავლე ირიცხება.