ის მოსწავლეები, ვინც 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლებში წარჩინებით დაამთავრეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური - ცხრა კლასი, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, სამინისტროსგან კომპიუტერებს მიიღებენ. განათლების სამინისტრომ ტექნიკა უკვე შეიძინა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებშიც გადაანაწილა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული ორი სასწავლო წლის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში, IX კლასი მაქსიმალური შეფასებით 550-მა მოსწავლემ დაამთავრა.
2019-2020 სასწავლო წელს საბაზო საფეხური 10 ქულაზე 300-მა მოსწავლემ დაამთავრა, 2020-2021 სასწავლო წელს კი - 250-მა. შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 550 ლეპტოპი გაიცემა, - აღნიშნულ ინფორმაციას „გორის მაცნეს“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უდასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII-VIII-IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.