საზოგადოება
07.07.2022 11:44
2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით, 2700-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით, მიმდინარე წელს, უკვე ისარგებლა 2700-ზე მეტმა მოქალაქემ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარების დასახმარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 205 000 ლარი გაიხარჯა.

„მერიის სოციალური პროგრამა მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს როგორც ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას, ასევე, ერთჯერად სოციალურ დახმარებებს გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სერვისები უფინანსდებათ ონკოლოგიურ პაციენტებს; 0-დან 150 000 სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველებს; ზოგიერთი დაავადების მქონე პაციენტებს; გარკვეული კატეგორიის შშმ პირებს. მერიისგან, შემწეობას ასევე იღებენ: ასი და მეტი წლის უხუცესები; დედ-მამით ობოლი ბავშვები და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილები; მრავალშვილიანი ოჯახები; სპორტსმენები და სტუდენტები; ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით დაზარალებულები და სხვადასხვა მოწყვლად კატეგორიაში შემავალი პირები“, - აცხადებენ გორის მერიაში.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, გარდა აღნიშნულისა, მერიის 2022 წლის სოციალური ბიუჯეტიდან, 250 000 ლარი იხარჯება სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სხვადასხვა სოციალური სერვისებისთვის (რომლითაც მოწყვლადი კატეგორიის 1150 ბენეფიციარი სარგებლობს).

ბიუჯეტიდან, 135 000 ლარით ფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებაც და განკუთვნილია მოსახლეობის, სკოლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური ორგანიზაციების სამედიცინო, სანიტარულ - ჰიგიენური, სადეზინფექციო მომსახურებისთვის, C-ჰეპატიტზე, აივ/შიდსზე და ტუბერკულიოზზე კვლევების ჩატარებასა და სამედიცინო მომსახურებაზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს სოციალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ასევე, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი 3 ოჯახისათვის სოციალური საცხოვრებლის (ხის ასაწყობი) შეძენა და ადგილზე დამონტაჟებაც.
კვირის ამბები