ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძის განცხადებით, თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლოა, იმუნიზაციის საბჭომ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის გადაწყვეტილება მიიღოს.
„ნიღბის ტარების ვალდებულებას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო, სავარაუდოდ, ჯერჯერობით არ გამოაცხადებს, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია, მომდევნო კვირების განმავლობაში ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კვირის მონაცემები სტაბილური გახდეს, თუმცა, თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, უახლოეს მომავალში შესაძლებელია, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს. შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. უფრო კონკრეტულად კი - ოქტომბერში“, - განაცხადა ჩხაიძემ.