საზოგადოება
06.07.2022 13:01
არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში კორონავირუსის „ცუნამის“ მსგავსი ახალი ტალღა დაფიქსირდეს - ივანე ჩხაიძე

ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში „ცუნამის“ მსგავსი კორონავირუსის ახალი ტალღა დაფიქსირდეს.

„შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. უფრო კონკრეტულად კი - ოქტომბერში. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე, მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა, ცუნამის მსგავსი. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს. ჩვენ ველოდებით, რომ შემოდგომაზე შემთხვევების მატება იქნება, თუმცა, რამდენად სერიოზული, თქმა რთულია, მაგრამ ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს. პირველ რიგში, „ომიკრონის“ ახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს.

ახალი შემთხვევების მატება შესამჩნევია - პრაქტიკულად, 5-ჯერ არის მომატებული შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, 5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კვლავ სახელდება ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის მაქსიმალურად არიდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში და ვაქცინაცია.

კვირის ამბები