ქარელში, ,,ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება.
,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, ,,ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ,,ტვ მონიტორინგის“ ეთერში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ტელეკომპანიის რეპორტიორებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი.
ტელეკომპანიის ჟურნალისტის, შოთიკო სადაღაშვილის განცხადებით, შემთხვევა ქარელის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
,,ქარელში, მე და ჩემი ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით, რა დროსაც უცნობმა მამაკაცებმა, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მოგვაყენეს შეურაცხყოფა, იგინებოდნენ, ცდილობდნენ ტექნიკის დაზიანებას. მას შემდეგ, რაც მომხდარზე ინფორმაცია მედიით გავავრცელეთ, დაუყოვნებლივ მოჰყვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან რეაგირება და დაიწყო გამოძიება. დღეს ვართ დაბარებული გამოკითხვაზე“, - განაცხადა შოთიკო სადაღაშვილმა.