საზოგადოება
31.12.2019 13:01
ვითარება ტრაგიკულია - ავსტრალიაში ახალი წლის შესახვედრად ჩასული ათასობით ტურისტი ხანძრისგან თავდასაღწევად ინდოეთის ოკეანის წყალშია შესული

ავსტრალიაში ვითარება კიდევ უფრო გართულდა. დღეს დილით ხანძარმა დასახლებულ პუნქტებს მიაღწია. ცოტა ხნის წინ გადაიკეტა შტატ ვიქტორიას მთავარი მაგისტრალი. ტყის ხანძარი სანაპირო ქალაქებს უახლოვდება. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია  დაგვიანებული და სახიფათოა, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ავსტრალიაში ათასობით ტურისტია ჩასული ახალი წლის შესახვედრად, თუმცა, დღესასწაულის ნაცვლად, ტურისტები, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, ხანძრისგან თავდასაღწევად ოკეანის წყალში არიან შესულები.  ყველაზე სახიფათო მდგომარეობა სანაპირო ქალაქებში - მალკუტასა და ბერნაგუიშია.

ავსტრალიაში, სამი თვის განმავლობაში, ტყის ხანძარმა მილიონობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. არიან დაღუპულები, მათ შორის, მეხანძრეებიც, რამდენიმე ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ამასთან, ახალი უელსის შტატის ქალაქ ქობარგოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ, მამა-შვილი არიან. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ქარი ქალაქ მალკუტას მიმართულებით ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს. მალკუტაში დილიდან ჩართულია განგაშის  სირენები და მოსახლეობას სანაპიროზე მოწყობილ თავშესაფრებრებში მობილიზებისკენ მოუწოდებენ.

კვირის ამბები