საზოგადოება
05.07.2022 13:07
სურსათის ეროვნული სააგენტო - აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება

შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, უკვე დამუშავებულია 25 ათას ჰექტრამდე ფართობი, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამა „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობი“ ფარგლებში ხორციელდება.

როგორც „გორის მაცნეს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა, წამლობა მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მავნებლის გავრცელების არეალისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით იგეგმება.

 „კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. შედეგად, მცირდება მავნებლის რაოდენობა და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანების ფაქტები. შიდა ქართლში წამლობა უკვე დაწყებულია და მთელი სეზონის განმავლობაში, საჭიროების გათვალისწინებით გაგრძელდება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.

ცნობისთვის, შიდა ქართლში, ძირითადად, გავრცელებულია საშიში მავნებელი იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.

კვირის ამბები