კოვიდინფექციის გავრცელების გამო, გორის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
კოვიდინფექციის 4 ახალი შემთხვევის გამოვლენის გამო, მე-14 ბაღში, სადაც დაანონსებული იყო დღეიდან მუშაობის გაგრძელება, სასწავლო პროცესი არ განახლდა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, გამოვლენილი ერთი შემთხვევის გამო, დაკეტილია შავშვების პირველი ბაღიც, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 5 თანამშრომელი.
„დღეის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებაში - გორის მეთოთხმეტე და სოფელ შავშვების პირველ საბავშვო ბაღში. მე-14 საბავშვო ბაღში დღეისთვის იგეგმებოდა სააღმზრდელო პროცესის აღდგენა, თუმცა, 4 ახალი დადასტურებული შემთხვევის გამო, კვლავ შეჩერებულია ფუნქციონირება. კოვიდ-19-ის ერთი დადასტურებული შემთხვევაა შავშვების ბაღშიც, რის გამოც, შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, აქაც დროიებით შეჩერდა სამუშაო პროცესი.
ინფექციის დადასტურების გამო, სხვა რომელიმე ჯგუფის დახურვის და შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 5 თანამშრომელი. რაც შეეხება მეთხუთმეტე საბავშვო ბაღს, სასწავლო პროცესი თვითიზოლაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, დღეს განახლდა. უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის გეგმური ტესტირება კორონავირუსზე“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.