ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. დღეს, 5 ივლისს, აბიტურიენტები საკუთარი ცოდნის დადასტურებას, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში ცდილობენ. რაც შეეხება გორის საგამოცდო ცენტრს, ამ დროისთვის, 455 აპლიკანტი გადის გამოცდაზე. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ხვალიდან საგამოცდო პროცესში უკვე პედაგოგები და სტუდენტები ჩაერთვებიან.
„დღეს, ისევ ორი სესიაა ჩანიშნული. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 463 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 8 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გამოსაცდელთა მეორე ნაკადს ორი საათისთვის ველოდებით. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 462 აბიტურიენტი. რაც შეეხება ხვალინდელ განრიგს, პირველ სესიაზე ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაა ჩანიშნული. მეორე სესიაზე კი, საგამოცდო პროცესში უკვე პედაგოგები და სტუდენტები ჩაერთვებიან“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.