გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წელს, სამ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯები გადაეცემა. როგორც ცნობილია, ოჯახები სპეციალური კომისიის მიერ შეირჩა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოტეჯების გაცემის პროცესი უკვე დაიწყო. ამჯერად, ხის კოტეჯი ქვახვრელში, ნაზარაშვილების ოჯახს გადაეცა.
„ნინო ნაზარაშვილი და მისი პატარა შვილიშვილი მალე ახალ საცხოვრისში განაგრძობენ ცხოვრებას. ავარიული სახლი, სადაც ბებია და შვილიშვილი ცხოვრობს, დანგრევის პირასაა და იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს. გორის მერიამ, ნაზარაშვილებს ხის კოტეჯი საკუთარ ეზოში ჩაუდგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ნაზარაშვილებს ახალი საცხოვრისი გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად მიულოცეს და საკვები პროდუქტები გადასცეს.
ცნობისთვის, პირველი ხის კოტეჯი, კარბში, კაპანაძეების სოციალურად დაუცველ შვიდშვილიან ოჯახს გადაეცა.
ამასთან, მიმდინარე წელს ახალ საცხოვრისს კიდევ ერთი ოჯახი მიიღებს.