ჩვენს მუზეუმში ახალი კომპოზიციაა - გამხმარი ვაშლის ხის ტოტებზე დაკიდული მძიმე მოგონებები, რომელთაც უცრემლოდ ვერ ნახავთ, ვერ წაიკითხავთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე 2008 წლის აგვისტოს მუზეუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე წერს.
როგორც ჩლაჩიძე ამბობს, ქართლის ვაშლის ბაღები 2008 წლის აგვისტოს მეხსიერების მიკროსაცავია.
,,ოდესმე გინახავთ, ხანძრისგან დამწვარ ხეს როგორ ასხია შემწვარი ვაშლები?
არა? მე მინახავს!
ეს ომის აგვისტოს ხვატის ამბავი არაა, ეს ვაშლის ხის შეგუბებული ცრემლებია, უძლურების გულის ტკივილია!
ქართლის ვაშლის ბაღები 2008 წლის აგვისტოს მეხსიერების მიკროსაცავია, საიდანაც ადამიანების ხმა ისმის და ამიტომაა ეს ხე მძიმე საყურებელი, რადგან მის ტოტებს ამძიმებს მოგონებების, შენახვის და დავიწყების ფურცლები...
დანარჩენი მუზეუმში“, - წერს ლია ჩლაჩიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ერგნეთში ფუნქციონირებს.
მუზეუმის შექმნის იდეა ლია ჩლაჩიძეს ეკუთვნის, რომელმაც მუზეუმს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისგან გადარჩენილი საკუთარი სახლის სარდაფი დაუთმო.
მუზეუმი 2017 წლის 8 აგვისტოდან ფუნქციონირებს და მისი დათვალიერება უფასოა.