საზოგადოება
02.07.2022 11:27
ქართული სპორტის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი გურამ პაპიტაშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული სპორტის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი გურამ პაპიტაშვილი.

გურამ პაპიტაშვილი, რომელიც ქართულ სპორტში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოღვაწეობდა, საჭიდაო სახეობების გამორჩეული სპეციალისტი გახლდათ. მან თავისი წარუშლელი კვალი დატოვა გორში ქართული ჭიდაობისა და თავისუფალი ჭიდაობის კერათა გაძლიერებაში, საფუძველი ჩაუყარა ძიუდოსა და სამბოს განვითარებას გორში. აგრეთვე, უშუალოდ მასთანაა დაკავშირებული საქართველოში ძიუდოს შემოსვლა და პოპულარიზაცია.

მისი პირადი შეგირდები იყვნენ ძიუდოში საქართველოდან პირველი ევროპის ჩემპიონი - ანზორ ქიბროწაშვილი (1962 წ.), პირველი ოლიმპიური ჩემპიონი - შოთა ჩოჩიშვილი (1972 წ.) და პირველი მსოფლიოს ჩემპიონი თემურ ხუბულური (1979 წ.). პაპიტაშვილი წლების მანძილზე მუშაობდა მწვრთნელად საქართველოს ნაკრებში, აგრეთვე ყოფილი საბჭოთა კავშირის სტუდენტ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. მის შეგირდებს მოპოვებული აქვთ მედლები ყველა რანგის შეჯიბრებებზე, დაწყებული საქართველოს ჩემპიონატებიდან და დასრულებული პლანეტის უდიდესი სპორტული ფორუმით - ოლიმპიური თამაშებით.

გურამ პაპიტაშვილი იყო საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი.

მის სახელს ატარებს ძიუდოს სამყაროში ცნობილი სპორტული დარბაზი გორში. გორშივე არსებობს მისი სახელობის ქუჩა. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას (ვასილ ბალახაძის ავტორობით), მის შესახებ გამოცემული აქვს წიგნი სახელწოდებით „ქართული ძიუდოს პაპა“.

კვირის ამბები