2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტები გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ტრადიციულად, გამოცდების დაწყებამდე დალოცა.
მიტროპოლიტმა პარაკლისი დღეს გადაიხდა, აბიტურიენტები დალოცა და გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა.
„თქვენ ზრდასრული ადამიანები ბრძანდებით. თქვენს ცხოვრებაში უკვე დადგა ისეთი ეტაპი, როდესაც მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და პროფესია აირჩიეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ხშირ შემთხვევაში, ეს განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების სახეს. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა შეცვალოს ეს არჩევანი და ჩათვალოს, რომ სხვა პროფესია მისთვის გაცილებით სასიხარულო იქნებოდა.
დღევანდელი ჩვენი ლოცვა თქვენი ცხოვრების გზის დალოცვაა, უპირველეს ყოვლისა, არის სურვილი იმისა, რომ ღვთის წყალობა მუდამ იყოს თქვენთან და გქონდეთ სურვილი ამ წყალობის მიღებისა. შრომის გარეშე არაფერი სასიკეთო ცხოვრებაში არ მოხდება და ღვთის წყალობა ადამიანზე განსაკუთრებულად მაშინ მოქმედებს, როდესაც ადამიანი თავისი შრომის ნაყოფს უნაწილებს მეორე ადამიანს და მოაქვს სიკეთე მისთვის. ადამიანის ფუნქცია არის იმაში, რომ ერთმანეთი გავახაროთ და არა რაიმე ნივთი, რადგან ნივთი, რომელიც გინდა, რომ შეიძენ, სამი დღის შენდეგ უკვე ჩვეულებრივია და ერთი თვის შემდეგ, შენთვის უკვე უინტერესოა. სიხარულის შეგრძნება კი, ჩვენ მუდმივად თან გვსდევს და ეს სიხარული მაშინ იქნება ადამიანის ცხოვრებაში, თუ ადამიანი თავის პროფესიასაც გაიხდის მისთვის სასიამოვნოდ. თუ თქვენი პროფესია იქნება სასიხარულო თქვენთვის, ჩათვალეთ, რომ თქვენ არც ერთ დღეს არ იმუშავებთ, არამედ ყოველი დღე თქვენთვის იქნება სასიამოვნო გარემოში დროის გატარება, რომელიც დღის ბოლოს სიხარულით შეგავსებთ და ამ ყველაფრით დაბრუნდებით სახლში“, - აღნიშნა მეუფე ანდრიამ ქადაგებისას.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 4 ივლისს იწყება.