სპორტი
01.07.2022 14:25
„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ 2 ივლისს იწყება, მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს დაგეგმილ ღონისძიებებში - თემურ ხუბულური

შაბათს, 2 ივლისს, შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში მარათონული გარბენი გაიმართება. მარათონში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ღონისძიება, რომლის ინიციატორი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაა, „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ -ის ფარგლებში იმართება.

მარათონის ორგანიზებას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიები უზრუნველყოფენ.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, თემურ ხუბულურის განცხადებით, არის სურვილი, რომ „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ ტრადიციად დამკვიდრდეს და ყოველწლიურად გაიმართოს.

„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ -ის ფარგლებში, მართონის გარდა, გათვალისწინებულია შეჯიბრებების ჩატარება ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში. აღნიშნულ შეჯიბრებებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას. ღონისძიების მიზანი გახლავთ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ასევე, გვაქვს სურვილი, რომ „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ ტრადიციად დამკვიდრდეს, ყოველწლიურად გაიმართოს და კიდევ უფრო მეტი სახეობა დაემატოს. მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ხვალინდელ მარათონში და მიმდინარე ზაფხულს  დაგეგმილ სხვა შეჯიბრებებშიც“, - განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მარათონული გარბენი ხვალ ოთხივე მუნიციპალიტეტის ქალაქებში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში ერთდროულად, დილის 10 საათზე დაიწყება.

გორი

სტარტი - კომბინატის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია,

ფინიში - სპორტის სასახლე.

კასპი

სტარტი - ე.წ. "კოწახურა"ს ხიდის მიმდებარე ტერიტორია;

ფინიში - კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა.

ქარელი

სტარტი - ქარელის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია სოფელ ლეთეთის მიმართულებით

ფინიში - სოფელ ლეთეთიდან საცურაო აუზის მიმართულებით

ხაშური

სტარტი - აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისი (ბორჯომის ქუჩის კვეთაზე) -

ფინიში - გმირების ხეივანი (პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ).

მარათონის გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე გასულებს თასები და მედლები გადაეცემათ.

კვირის ამბები