ევროპის კულტურის დედაქალაქ ვალეტაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალEuroArt 2022-ზე, გორის თეატრის საპრემიერო ჩვენება შედგა. ფესტივალის გახსნის დღეს, ასევე მოეწყო ქართული სცენოგრაფიის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული თეატრალური მხატვრობის ისტორიის ამსახველი ნამუშევრები.
„როგორც დაგეგმილი გახლდათ, თეატრალური ფესტივალი გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გახსნა სპექტაკლით „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ (პიესის ავტორი ამირ დეჟაქამი, რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე). ხელშეწყობისთვის დიდ მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს, ქალბატონ ირინა ცერცვაძეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მერს ვალდიმერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს“, - აცხადებენ გორის თეატრში.
შეგახსენებთ, მალტადან საქართველოში დაბრუნებული შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგ ჩვენებებს რუსთაველის თეატრსა და ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გეგმავს, რის შემდეგაც, „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ წარმოდგენილი იქნება გორის თეატრის სცენაზე ადგილობრივი მაყურებლისთვის.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „EUROART 2022“ კუნძულ მალტაზე ყოველწლიურად იმართება, მიზანი კი ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაა.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველწლიურად ხდება რომელიმე ქალაქის არჩევა კონტინენტის კულტურული ცხოვრების ცენტრად, რათა ყურადრება მიაპყროს კულტურის განვითარებას.
დამატებითი დაფინანსებით, არჩეულ ქალაქს საშუალება ეძლევა, ააშენოს ან მნიშვნელოვნად განაახლოს კულტურული დაწესებულებები.
ევროპის საბჭოს აღნიშნული ინიციატივა 1985 წლიდან ამოქმედდა და ევროპის პირველ კულტურულ დედაქალაქად ათენი დასახელდა.