მივმართავ იმ მილიონ ადამიანს, ვისაც ნებისმიერი ტიპის კოვიდსაწინააღმდეგო ორი დოზა ვაქცინა აქვს გაკეთებული, აუცილებლად გაიკეთონ მესამე დოზა, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს. როგორც ცნობილია, მედიკოსი აღნიშნულ განცხადებას ომიკრონის ახალი ქვეშტამის, BA 5-ის გააქტიურებასთან დაკავშირებით აკეთებს.
ივანე ჩხაიძის თქმით, ამ ადამიანებისთვის მესამე, გამაძლიერებელი დოზა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რათა მომდევნო თვეების განმავლობაში, რომლებიც შვებულებებისა და აქტიური კონტაქტების პერიოდს ემთხვევა, შედარებით დაცულები იყვნენ ომიკრონის ახალი შტამისგან.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ვაქცინაციის პირველი სერია - ორი დოზა, აუცილებლად მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტებს და ბუსტერ-დოზის გაკეთებით გარკვეულწილად შეიქმნან უსაფრთხო გარემო მომდევნო 4-6 თვის განმავლობაში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კორონავირუსის ახალ ქვეშტამთან დაკავშირებით, ჩხაიძე აცხადებს, რომ მას ახასიათებს გავრცელების კიდევ უფრო მაღალი ტემპები, ვიდრე ვირუსის მანამდე ცნობილ სახეობებს და ეს განსხვავება არა 10-15%, არამედ გაცილებით მეტია.