საზოგადოება
30.06.2022 12:04
კოვიდინფექციის გავრცელების გამო, გორის ორ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გორის მე-14 და მე-15 საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ჩატარებული ტესტირების საფუძველზე, მე-14 საბავშვო ბაღში ერთ თანამშრომელს, აღმზრდელის თანაშემწეს დაუდასტურდა კოვიდ-19-ით ინფიცირება, მე-15 ბაღში კი, 4 თანამშრომელია ინფიცირებული. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, ორივე დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 5 დღით შეჩერდა.
,,მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც, რაც შეეხება სწავლის განახლებას, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი სამშაბათიდან აღდგება“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
კვირის ამბები