საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ნარკორეალიზატორია
როგორც სამინისტროში განმარტავენ, პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებულები თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ჯამში ამოღებულია: 33 შეკვრა „კოკაინი“, 155 გრამი „მეტადონი“, 85 გრამზე მეტი „ჰეროინი“, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 83 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“, 295 აბი „სუბუტექსი“, 1040 აბი „ოქსიკოდონი“ და 690 აბი „ლირიკა“.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა. ასევე, ბრალდებულების მითითებით ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი“, - ნათქვამია შინაგან საქმეტა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.