იდეათონში გამარჯვებული პროექტების ავტორები გამოვლინდნენ - რა იდეები წარადგინეს გორის მე-7, შინდისის და ხიდისთავის სკოლების მოსწავლეებმა
გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის - ,,იდეა აქციე საქმედ“, დასკვნითი ეტაპი დაბა ურეკში გაიმართა.
იდეათონზე წარდგენილ 10 იდეას შორის, ჟიურის მიერ 3 საუკეთესო საპროექტო იდეა შეირჩა.
იდეათონში გამარჯვებული პროექტების ავტორები გახდნენ: მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ ბალამწარაშვილი პროექტით - ,,თვითმმართველობის გაძლიერება სკოლაში“, შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფილიპოვი პროექტით - ,,მე ხელოვნებაში და ხელოვნება ჩემში“ და ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა კლდიაშვილი პროექტით - ,,ჩვენ, მშობლები და ერთი მიზანი“.
„გამარჯვებული იდეები სამიზნე სკოლებში სექტემბერ-ნოემბერში განხორციელდება. აღნიშნული პროექტების გარდა, გორის მუნიციპალიტეტისა და საზოგადოება ,,ბილიკის“ მიერ მხარდაჭერილი იქნება იდეათონზე წარმოდგენილი სხვა საპროექტო იდეებიც. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი - ,,იდეა აქციე საქმედ“, გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას დ მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში“, აცხადებენ გორის მერიაში.
იდეების კონკურსის გარდა, ზემოხსენებული პროექტი ასევე მოიცავდა ტრენინგებს გუნდურ მუშაობაზე, პროექტების მართვასა და ადვოკატირებაზე, რაშიც ჩართულები იყვნენ 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან.