გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ხვალ, 29 ივნისს, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის რეჟისორული ნამუშევრის - „დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!“ ჩვენება მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება. სპექტაკლთან ერთად, ასევე მოეწყობა ქართველი სცენოგრაფების ნამუშევრების გამოფენაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალი - „EUROART 2022“ ქართული სპექტაკლით გაიხსნება. ერთმოქმედებიანი დრამა, სპეციალურად შეირჩა საგასტროლო ჩვენებისთვის.
საქართველოში დაბრუნებული შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგ ჩვენებებს რუსთაველის თეატრსა და ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გეგმავს, რის შემდეგაც, „დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!“ წარმოდგენილი იქნება გორის თეატრის სცენაზე ადგილობრივი მაყურებლისთვის.
რაც შეეხება წარმოდგენის შინაარსს, პიესა სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გვიყვება ერთი პიროვნების მეტამორფოზას სიყვარულის გზაზე, გაცხოველებიდან კათარზისამდე და გვიჩვენებს გმირის თავდაპირველ კონფლიქტს შემქმნელთან და შემდგომი მონანიების პროცესს.
წარმოდგენაში კახა ბერიძე და გიორგი გოგუაძე მონაწილეობენ.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „EUROART 2022“ კუნძულ მალტაზე ყოველწლიურად იმართება, მიზანი კი ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაა.