საზოგადოება
27.06.2022 12:16
საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრები ბავშვები პლანეტარიუმს, ილუზიებისა და ჰოლო მუზეუმებს სტუმრობდნენ
საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრები ბავშვები პლანეტარიუმს, ილუზიებისა და ჰოლო მუზეუმებს ესტუმრნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აქტივობა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.

მუზეუმებში მეგზურობა მოზარდებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ გაუწია. აბესაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ხელისუფლებისგან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ.

,,ჩვენ ვითანამშრომლეთ ილუზიების მუზეუმთან და ღონისძიების ფარგლებში, დაწესებულებებმა, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლეს. მადლობა მინდა გადავუხადო მუზეუმის მენეჯმენტს მხარდაჭერისთვისა და გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს არის კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ სხვადასხვა შემეცნებით თუ საგანმანათლებლო სივრცეებზე,“ - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემოხსენებულმა საგამოფენო სივრცეებმა, ჯამში, შიდა ქართლში მცხოვრებ 200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.
კვირის ამბები