საზოგადოება
27.06.2022 12:01
მდინარეების, „თერგის“ და „დარიალის“ ადიდების შედეგად, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზა დაზიანდა, შეჩერდა ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურა

,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო სიტუაციაა შექმნილი.

ადიდებულმა მდინარეებმა - ,,თერგმა“ და ,,დევდორაკმა“ რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს, საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი დააზიანა.

საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება როგორც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ. საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაახლებს.

კვირის ამბები