სპორტი
27.06.2022 11:17
გორელი მოჭიდავეების მედლები ევროპის ჩემპიონატიდან

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, გორელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და 4 მედლის მოპოვება შეძლეს. ასეთი დონის შეჯიბრებაზე მედლის მოპოვება, ცხადია, არასოდესაა იოლი და მით უფრო აღსანიშნავია, როცა რამდენიმე მედალს ერთი ქალაქის, ან უფრო მეტიც - ერთი დარბაზის წარმომადგენლები მოიპოვებენ. 

კონტინენტის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ.) და გოგა ოთინაშვილი (65 კგ.). ბრინჯაოს მედლები აიღეს: საბა ღამბაშიძემ (55 კგ.) და ნიკოლოზ მაისურაძემ (71 კგ.).

ოთხივე სპორტსმენი გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სკოლიდან იყო დაკომპლექტებული საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ნახევარზე მეტი - 10 წონითი კატეგორია, 6 გორელი და ჩვენი ნაკრების მონაპოვარი 6 მედლიდან 4, როგორც აღვნიშნეთ, სხირელის სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია მწვრთნელთა წვლილიც. ნიკოლოზ ბოჭორიშვილისა და ნიკოლოზ მაისურაძის პირადი მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილი გახლავთ, გოგა ოთინაშვილის და საბა ღამაბაშიძის პირადი მწვრთნელი კი - არჩილ ბარამიძე. ამავე დარბაზის კიდევ ერთი მწვრთნელი, ოთარ თუშიშვილი კი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია.

კვირის ამბები