ამ წუთებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი მიმდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეალურად, ევროპამ კარი გაუხსნა საქართველოს.
,,მე მინდა, შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს და პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა, გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე, საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც მართლაც დავიმსახურეთ, ეს არის მართლაც დამსახურებული მიღწევა - ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს დამსახურებულად და ჩაიწერა პირდაპირ, ღიად და საჯაროდ, რომ რეალურად, ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი ერთგულების, შეუპოვრობის და ჩვენი მთავრობის ათწლიანი მუშაობის შედეგების აღიარება“, - აცხადებს მთავრობის ხელმძღვანელი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მობილიზებულია იმისთვის, რომ დროულად შესრულდეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა.
,,ჩვენი ხელისუფლება არის მობილიზებული იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის განსაზღვრული იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება დროულად მივიღოთ. გუშინ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, მათი განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს შევასრულებთ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე მიენიჭება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნა განსაზღვრული. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მთავრობა არის მობილიზებული იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.