გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 75 პედაგოგი იყო ჩართული. მომხსენებლებმა სხვადასხვა თემები წარადგინეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებმა შეასრულეს კომპლექსური დავალებები.
საკონფერენციო თემების გარდა, პედაგოგებმა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სასკოლო აქტივობების პრეზენტაციებიც წარადგინეს.
,,ძალზე საინტერესო გახლდათ აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა, პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, სწავლების ახალი მეთოდები, რომელთა დანერგვაც ამჟამად მიმდინარეობს, ამასთანავე, კონფერენციაზე წარვადგინე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ოთარშენის სკოლაში განხორციელებული სასკოლო აქტივობების პრეზენტაციაც. უფრო კონკრეტულად, მე-5 კლასის მოსწავლეებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია, დავალებად მიცემული ჰქონდათ ფოტოები, სწორედ სურათების მიხედვით შექმნეს აღწერითი ტექსტი გერმანულ ოჯახზე და აუდიტორიის წინაშე გააკეთეს პრეზენტაცია. მუშაობის პროცესი ძალზე საინტერესოდ წარიმართა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ისეთი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების განვითარებას, როგორიცაა კომუნიკაცია, კოლაბორაცია, შემოქმედებითობა, ხასიათი და ნებელობა. ასევე ხელს უწყობს გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას“, - განაცხადა GMnews-თან კონფერენციის მონაწილე ერთ-ერთმა პედაგოგმა, ოთარშენის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა თამარ გოგოლაძემ.
როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, ამ ეტაპზე, კონფერენცია მუნიციპალურ დონეზე ჩატარდა და მომავალ თვეში დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება ეროვნულ დონეზე, სადაც ამ საფეხურზე მოწონებული მოხსენებების ავტორი პედაგოგები უკვე ქვეყნის მასშტაბით გამართულ კონფერენციებში ჩაერთვებიან.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილე პედაგოგებს რესუსრცენტრის ხელმძღვანელმა შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.