30.12.2019 12:37
2020 წლიდან ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ამოქმედდება
ხაშურში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, შესაბამის სამუშაოებს მაისიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოედნის, 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, განათების, დამხმარე შენობა-ნაგებობების, ავტოსადგომის, გამწვანების ზოლისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. გეგმით, ასევე, გათვალისწინებულია საინჟინრო კომუნიკაციებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
,,რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტიურად მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა ხაშურის სპორტული კომპლექსი და კასპის საფეხბურთო სტადიონი. რაც შეეხება ხაშურის საფეხბურთო მოედანს, მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. თითოეული ასეთი პროექტის განხორციელება, რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.“ - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ობიექტის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია.